საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოსის ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2025 წლის 28 ოქტომბერს, გაიმართა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პროფესორის, აკადემიკოსის ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის – „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ – პრეზენტაცია.

 

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ლადო პაპავას ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი გადასცა.

 

„დღეს აღვნიშნავთ ბატონი ლადო პაპავას წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას და ვატარებთ იმ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ამ მნიშვნელოვან იუბილეს მიეძღვნა. ბატონი ლადოს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობა ყველასთვის ცნობილია - ის 500-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სხვადასხვა ენაზე. ქართულ ეკონომიკურ აზრს შეემატა მეცნიერი, რომელმაც დარგის განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა. მისი ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიაა გამოცემული როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. აკადემიური საბჭოს სახელით ვულოცავ ბატონ ლადოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მადლობას ვუხდი კოლექტივს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საინტერესო და ღირებული წიგნის შექმნაში,”- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

წიგნი „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ სამეცნიერო სტატიების კრებულია, რომელშიც გამოქვეყნებულია სპეციალურად ამ გამოცემისთვის ქართველ მეცნიერთა მიერ მომზადებული ნაშრომები.

 

ღონისძიებას უძრვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.

 

წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი.

 

წიგნი გამოიცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

 

თარიღი: 29/10/2025